logo
ENG



"დაკავებული არ უნდა იყოს" - 13 წლის გოგოს დედა ძალადობაში ბრალდებულს იცავს

06 მარ 202120:15
3 წუთის საკითხავი
 

13 წლის მოზარდის დედა, რომლის შვილმაც ბავშვი გააჩინა, ძალადობაში ბრალდებულის დაკავებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ის არ უნდა დაეკავებინათ.

როგორც არასრულწლოვნის დედა შაბათის ფორმულასთან საუბარში აცხადებს, მას მომხდარის გახმაურება არ სურდა. ის პოლიციას, სოციალურ მუშაკებსა და მედიას ამის გამო აკრიტიკებს. 

მოზარდის დედა ასევე იმ სოციალურ მუშაკსაც ემუქრება, რომელმაც 13 წლის ბავშვის ორსულობის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

"დაკავებული არ უნდა იყოს. რაც თქვენ ტელევიზიით განაცხადეთ, ყველაფერი არის ჭორი. ზუსტი პასუხი არავინ იცის. ჩემი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობა. ჩემი საქმე იცი როგორ არის, ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა. უჩემოდ რატომ გააკეთეს, რატომ გააჟღერეს ეს ამბავი. საერთოდ არ მინდოდა რომ გახმაურებულიყო. რატომ არ დამირეკეს და არ მკითხეს, როცა ამ რეპორტაჟებს აკეთებდნენ", - აცხადებს მოზარდის დედა. 

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის ერთერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს. არასრულწლოვანზე სექსუალურად 12 წლის ასაკში იძალადეს. ბავშვი მან რამდენიმე თვის წინ გააჩინა და ახლა თავშესაფარში იმყოფება. სავარაუდო მოძალადე რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს. 

თავდაპირველად მას ბრალად 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედებოდა. დღეს, პროკურატურამ ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალი დაუმძიმა. გამოძიება წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით გაგრძელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგო გააუპატიურა და ფიზიკურად იძალადა. პროკურატურის ცნობით, მოძალადე მსხვერპლის ოჯახის წევრია.

 

 


close დახურვა